იენს სტოლტენბერგი ფინეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, მათ შორის თურქეთის მიერ წამოყენებული პირობები განიხილა
იენს სტოლტენბერგი ფინეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, მათ შორის თურქეთის მიერ წამოყენებული პირობები განიხილა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფინეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ საული ნიინისტოს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში მიიწვიეს, სადაც საული ნიინისტოსთან, სხვადასხვა თემასთან ერთად, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხები, მათ შორის თურქეთის მიერ წამოყენებული პირობები, ასევე უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები განიხილა.

ნატო-ს გენერალური მდივანი ხვალ შვედეთს ეწვევა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გამართავს შეხვედრას.

„ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, მათ შორის თურქეთთან, ასევე ფინეთთან და შვედეთთან ერთად, რათა ყურადღება მივაქციოთ იმ საკითხებს, რომლებიც თურქეთმა წამოწია. ეს არის კანონიერად წამოწეული საკითხები. ეს ეხება ტერორიზმს, იარაღის ექსპორტს. ჩვენ უნდა გვესმოდეს და გავიგოთ, რომ ნატო-ს არც ერთი სხვა მოკავშირე არ დაზარალებულა ტერორიზმისგან ისე, როგორც თურქეთი და რომ თურქეთი არის მნიშვნელოვანი მოკავშირე, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის აუზში და ამასთან, ესაზღვრება ერაყსა და სირიას. თურქეთს აქვს მთავარი როლი ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში, როგორიც არის „ისლამური სახელმწიფო“. ასევე, უნდა გავიგოთ, რომ თურქეთმა ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღო. თურქეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ასევე, გზების ძიებაში იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტთან. ასე რომ, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორიც თურქეთია, წამოჭრის საკუთარი შეშფოთების საკითხებს ტერორიზმთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავსხდეთ და სერიოზულად ვიმსჯელოთ ამაზე, რასაც ვაკეთებთ კიდეც. ჩვენ ასევე მივესალმებით მკაფიო გზავნილს ფინეთისა და შვედეთისგან, რომ ისინი განიხილავენ ამ საკითხებს და ვიპოვით წინსვლის გზას ამ მიმართულებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ ანკარასთან მოძებნილი იყოს საკითხის ისეთი გადაწყვეტა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს.

„გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ამ დროისთვის არსებული ვითარება. ჩვენ გაოცებულნი დავრჩით თურქეთის პოზიციით, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზულად უნდა მიიღო შენი კოლეგის მოსაზრება და სწორედ ამას ვაპირებთ, სერიოზულად მივიღოთ ის, რასაც თურქეთი ამბობს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსიები და იმედს ვიტოვებთ, რომ საბოლოოდ ანკარასთან მოძებნილი იქნება ისეთი გადაწყვეტა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე ომზე. სამწუხაროდ, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ხედავს ომის დასასრულის წერტილს, ეს გლობალური ომია. უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის“, – განაცხადა ნიინისტომ.