იენს სტოლტენბერგი - ევროპაში სამხედრო ძალების შენარჩუნება როგორც ევროპის, ისე აშშ-ის ინტერესებშია
იენს სტოლტენბერგი - ევროპაში სამხედრო ძალების შენარჩუნება როგორც ევროპის, ისე აშშ-ის ინტერესებშია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ევროპაში სამხედრო ძალების შენარჩუნება როგორც ევროპის, ისე აშშ-ის ინტერესებშია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასე გამოეხმაურა იენს სტოლტენბერგი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების ნაწილის გაყვანის შესახებ.

„პრეზიდენტმა ტრამპმა და მე ეს საკითხი გასულ კვირას ტელეფონით განვიხილეთ. ჩემი გზავნილი შემდეგი იყო: ევროპაში აშშ-ის ყოფნა როგორც ევროპისთის, ისე აშშ-სთვის კარგია, რადგან ტრანსატლანტიკური კავშირები მნიშვნელოვანია ალიანსის სიძლიერისა და წარმატებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ევროპაში აშშ-ისა და კანადის ძალების ყოფნა ტრანსატლანტიკურ კავშირს აძლიერებს.

„მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში ჩრდილოეთ ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ევროპაში აშშ-ის ძალების განთავსების მიზანი არა მხოლოდ ევროპის დაცვაა, არამედ აშშ-ის ძალის ევროპის ფარგლებს გარეთ პროეცირებაა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ევროპაში ამერიკული ბაზები ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის მისიებისთვის ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, როგორ და როდის აპირებს აშშ-ის ხელისუფლება გერმანიიდან ძალების ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილების განხორციელებას. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ამ საკითხს ნატო-ს მოკავშირეები 17-18 ივნისს დაგეგმილ თავდაცვის მინისტერიალზე განიხილავენ.

შეგახსენებთ, 15 ივნისს დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების ნაწილს გაიყვანს. კერძოდ, ის გერმანიაში მყოფი ამერიკულ კონტინგენტს 25 ათასამდე შეამცირებს. ამჟამად გერმანიაში 52 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

დატოვე კომენტარი