იენს სტოლტენბერგი - ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსება არ გვსურს, მაგრამ შევინარჩუნებთ თავდაცვის სტრატეგიას, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა
იენს სტოლტენბერგი - ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსება არ გვსურს, მაგრამ შევინარჩუნებთ თავდაცვის სტრატეგიას, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა

ნატო-ს მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული რაკეტებისგან შექმნილი საფრთხე იყო – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია აქვთ, რომ რუსეთმა „საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმება“ დაარღვია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის ქმედებებს სარკისებურად არ უპასუხებს და ალიანსს შეიარაღების კონტროლი სურს.

„ჩვენ არ გვსურს, განვათავსოთ ახალი სახმელეთო ბირთვული რაკეტები ევროპაში, მაგრამ შევინარჩუნებთ ჩვენს შეკავების და თავდაცვის სტრატეგიას, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა. ჩვენ ვისაუბრეთ დიდ გამოწვევაზე, რომელიც მოიცავს რუსეთის მთლიან სარაკეტო სისტემას, კონვენციურს და ბირთვულს, რომელიც უკვე განთავსებულია ან ახლა მზადდება. ბევრი მათგანი მრავალფუნქციურია, რაც აჩენს ესკალაციისა და შეცდომების რისკებს. ამავე დროს, მინისტრებმა დაადასტურეს ნატო-ს ვალდებულება, შეიარაღების კონტროლზე და განიარაღებაზე“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს მინისტერიალზე თავდაცვით ხარჯებთან დაკაშირებულ პროგრესზეც იმსჯელეს.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ მოკავშირეები თავდაცვის სფეროს დაფინანსებას ზრდიან და ეს სამომავლოდაც გაგრძელდება.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა უკრაინის რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა ადგილზე უსაფრთხოებას და სტაბილურობას ისახავს მიზნად.

„ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ძლიერდება და პროფესიონალური ხდება. მხარს ვუჭერთ აშშ-ის ძალისხმევას, რომ მიაღწიოს მშვიდობიან გადაწყვეტას. მივესალმებით ძალადობის შემცირებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. თალიბანმა უნდა აჩვენოს რელური სურვილი და შესაძლობლობა, ადგილზე ძალადობის შემცირებისთვის“ ,- განაცხადა სტოლტენბერგმა.