იენს სტოლტენბერგი - დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე გვქონდა, თან აშშ-ის ხარჯებით
იენს სტოლტენბერგი - დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე გვქონდა, თან აშშ-ის ხარჯებით

როგორი იყო საუზმე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ამერიკის საელჩოში, – ამ კითხვით მიმართეს ჟურნალისტებმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, საუზმე არაჩვეულებრივი იყო.

„არაჩვეულებრივი ფორთოხლის წვენი, არაჩვეულებრივი ხილის სალათა, არაჩვეულებრივი ტოსტი და თან ყველაფერი აშშ-ის ხარჯებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს დღეს შეხვდა. დონალდ ტრამპმა გერმანია რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის მძევალია.

მოგვიანებით, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დონალდ ტრამპი ზოგ შემთხვევაში საკმაოდ პირდაპირი იყოს, მაგრამ ორგანიზაციის მნიშვნელობასა და ამოცანებზე საერთო მოსაზრებები აქვთ.

ბრიუსელში დაგეგმილ სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკმაოდ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ნატო-ს წევრებს სამხედრო ხარჯების გამო აკრიტიკებდა. ტრამპს ნატო-ს წევრი რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერმა უპასუხა.