იენს სტოლტენბერგი - ჩვენი მოვალეობაა, რომ ჯანდაცვის კრიზისი არ იქცეს უსაფრთხოების კრიზისად
იენს სტოლტენბერგი - ჩვენი მოვალეობაა, რომ ჯანდაცვის კრიზისი არ იქცეს უსაფრთხოების კრიზისად

ნატო-ს მინისტერიალის მეორე დღის შეჯამებისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან გამკლავების სამოქალაქო ასპექტებში. სტოლტენბერგმა ასევე ახსენა ორგანიზაციის როლი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირველი ტალღის დროს, მათ შორის დროებითი საავადმყოფოების აშენებასა და სამედიცინო მარაგების საჰაერო გზით ტრანსპორტირებაშიც.

გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ აუცილებელია, მჭიდრო თანამშრომლობა წევრ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რათა „კოვიდ-19“-ის ჯანდაცვის კრიზისი არ იქცეს უსაფრთხოების კრიზისად.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამჟამად ნატო მუშაობს იმაზე, რომ „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღის შემთხვევაში ორგანიზაცია გამოწვევებს უფრო მომზადებული შეხვდეს. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალზე ახალი ოპერაციული გეგმა შეიმუშავეს, რომელიც სამ პუნქტს მოიცავს: საერთაშორისო პარტნიორებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერებას, სამედიცინო აღჭურვილობის მუდმივი მარაგის შექმნას და ახალ ფონდს, რომელიც ორგანიზაციის წევრებისთვის სამედიცინო აღჭურვილობასა და სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს. მინისტერიალზე განიხილეს ეროვნული მდგრადობაც.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურები, როგორებიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ენერგეტიკა და საკომუნიკაციო ქსელები. ეროვნული მდგრადობა ჩვენი თავდაცვის პირველი შრეა და ჩვენი საერთო უსაფრთხოება მასზეა დამოკიდებული. დღეს მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება განაახლონ ნატო-ს ეროვნული მდგრადობის მიდგომები, რათა უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ კიბერმუქარებს, უზრუნველყონ მომარაგების უსაფრთხოება და გააცნობიერონ უცხოელი მფლობელების და მათი კონტროლის შედეგებს“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.