იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვახდენთ ისტორიული გადაწყვეტილებების ფორმირებას, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი, რომ გახდნენ ალიანსის წევრები
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვახდენთ ისტორიული გადაწყვეტილებების ფორმირებას, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი, რომ გახდნენ ალიანსის წევრები

ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი, რომ გახდნენ ალიანსის წევრები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ჩვენი ალიანსისთვის იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი.

„ჩვენ გვაქვს შეხვედრა ყველაზე სერიოზული და კრიტიკული კრიზისის ფონზე, რომლის წინაშეც ვდგავართ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოკავშირეებს შეუძლიათ ერთიანობის დემონსტრირება ალიანსში და რაც ძლიერად, ერთიანად პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რასაც ვაწყდებით. ეს იქნება ტრანსფორმაციული სამიტი, რადგან ჩვენ ვახდენთ ისტორიული გადაწყვეტილებების ფორმირებას. ჩვენ ასევე შევთანხმდებით ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც არის იმის გეგმა, თუ როგორი იყოს ნატო მომავალში, უფრო კონკურენტუნარიან და საფრთხისშემცველ სამყაროში, რათა დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები, ასევე ერთი მილიარდი ჩვენი მოქალაქე. ჩვენ შევთანხმდებით ფუნდამენტურ ცვლილებაზე, ჩვენს შეკავებისა და თავდაცვის უნარზე მეტად წინ განლაგებული საბრძოლო ფორმირებებით, მეტი მზადყოფნის ძალებითა და აღჭურვილობით. ეს არის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი ერთიანობა ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომელიც ამ სამიტზე შეთანხმდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის მიმართ.

„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით მიმართავს ყველა ლიდერს. ჩვენ ასევე შევთანხმდებით უკრაინის დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტზე. ლიდერები ასევე მიიღებენ ისტორიულ გადაწყვეტილებას, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრებად. ეს ეფუძნება გუშინ ფინეთს, შვედეთსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ეს კარგი შეთანხმებაა ფინეთისთვის, შვედეთისთვის, თურქეთისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ იმ უზარმაზარ პროგრესს, რომელიც მიღწეულია მრავალი მიმართულებით, რათა გაიზარდოს თავდაცვითი ინვესტიციები მთელ ალიანსში. ჩვენ ასევე მივიღებთ ბევრ გადაწყვეტილებას კლიმატის ცვლილებებზე, კიბერსაკითხებზე და ეს ყველაფერი ნამდვილად იქნება ისტორიული და ტრანსფორმაციული სამიტი, რომელიც აჩვენებს ალიანსის ერთიანობას და ნატო-ს უნარს შეიცვალოს, როდესაც სამყარო იცვლება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, ალიანსში ფინეთისა და შვედეთის მიწვევაზე.

„ეს უპრეცედენტო სისწრაფეა. რთული მოსაძებნია ასეთი გაწევრიანების პროცესი, აპლიკაციის მიღება მოხდა მაისის შუა რიცხვებში, მოწვევა კი კეთდება ახლა. ამის შემდეგ საჭირო იქნება 30 ქვეყნის რატიფიკაცია, მაგრამ ველოდები, რომ ეს პროცესიც მალე წარიმართება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.