იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გვაქვს პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გვაქვს პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ჩვენ გვაქვს პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტამდე ერთი კვირით ადრე „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელი გზისთვის. მე ვერ გეტყვით ზუსტად, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი. თუმცა მე ვეუბნები ნატო-ს დედაქალაქებში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, არსებითი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე ისაუბრა მადრიდის სამიტზე და აღნიშნა, რომ სამიტზე ნატო ახალ სტრატეგიულ კონცეფციას შეათანხმებს, სადაც ის ელოდება, რომ რუსეთი ნახსენები იქნება, როგორც ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე.

„ჩვენ შევათანხმებთ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას ნატო-სთვის, რომლითაც ნატო იხელმძღვანელებს რადიკალურად შეცვლილ უსაფრთხოების გარემოში. მე ველოდები, რომ 2022 წლის კონცეფციაში რუსეთი ნახსენები იქნება როგორც ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის… ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის და რისკის წინაშე მყოფი სხვა პარტნიორების მხარდაჭერას. მოხარული ვარ, რომ სამიტზე სიტყვით გამოვა პრეზიდენტი ზელენსკი. უკრაინა კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება და სასწრაფოდ საჭიროა ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერება“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე ისტორიული უწოდა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას, წარედგინათ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი. მისი თქმით, აღნიშნული ორი ქვეყნის გაწევრიანება ამ სახელმწიფოებს უფრო უსაფრთხოს, ნატო-ს უფრო ძლიერს, ხოლო ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო დაცულს გახდის. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ამჟამად ნატო განიხილავს თურქეთთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მის შეშფოთებებს და ის დარწმუნებულია, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ალიანსი შეთანხმების მიღწევას შეძლებს.