იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, თავიდან ავიცილოთ ომის უკრაინის გარეთ ესკალაცია, ამიტომ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ შესვლას უკრაინის არც ხმელეთზე და არც საჰაერო სივრცეში
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, თავიდან ავიცილოთ ომის უკრაინის გარეთ ესკალაცია, ამიტომ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ შესვლას უკრაინის არც ხმელეთზე და არც საჰაერო სივრცეში

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, თავიდან ავიცილოთ ომის უკრაინის გარეთ ესკალაცია, რადგან ეს იქნება კიდევ უფრო საშიში, უფრო გამანადგურებელი და მეტ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ნატო-ს და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ აპირებენ შესვლას უკრაინის არც ხმელეთზე და არც საჰაერო სივრცეში.

„ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება – საშინელება, ეს მტკივნეულია. ჩვენ ვხედავთ ადამიანების ტანჯვას, ნგრევას ისეთი მასშტაბით, როგორიც არ გვინახავს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მინდა, შევაქო უკრაინელი ხალხის სიმამაცე, რომელიც წინ აღუდგა რუსეთის ინტერვენციას, პუტინის ძალებს. ასევე ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას, რატომაც დააწესეს მოკავშირეებმა ყველაზე მკაცრი სანქციები და რატომაც ვახორციელებთ მთელი მსოფლიოს მობილიზებას ამის დასაგმობად და პუტინისთვის მოწოდების გასაკეთებლად, რომ შეწყვიტოს ეს ომი.

ამავე დროს, როგორც ნატო-ს მოკავშირეებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, თავიდან ავიცილოთ ამ ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ ესკალაცია, რადგან ეს იქნება კიდევ უფრო საშიში, უფრო გამანადგურებელი და მეტ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს. ამგვარად, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ შესვლას უკრაინაში – არც ხმელეთზე და არც უკრაინის საჰაერო სივრცეში. ერთადერთი გზა, შევქმნათ არასაფრენი ზონა, არის ნატო-ს თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და შემდგომ დავაწესოთ არასაფრენი ზონა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებით. ჩვენი შეფასებაა, რომ ჩვენ გვესმის სასოწარკვეთილება, თუმცა ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ მივიღებთ ფართომასშტაბურ ომს ევროპაში ბევრად მეტი ქვეყნის ჩართულობით და მივიღებთ მეტი ადამიანის ტანჯვას. ასე რომ, ეს არის მიზეზი, თუ რატომ მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილებები – დაგვეწესებინა მძიმე სანქციები, გაგვეძლიერებინა მხარდაჭერა, თუმცა ამავე დროს, არ ჩაგვერთო ნატო-ს ძალები უშუალოდ კონფლიქტში უკრაინაში არც ხმელეთზე და არც საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.