იენს სტოლტენბერგი - ალიანსი ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს
იენს სტოლტენბერგი - ალიანსი ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ფონდ „მემკვიდრეობის“ სემინარზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, საქართველოსთვის ნატო მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ნატო-სთვის არის საქართველო მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ მხარეებს შორის პარტნიორობის გაღრმავება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

„საქართველო პროგრესს განიცდის. ჩვენ ამას მივესალმებით და მომავალშიც განვაგრძობთ მხარდაჭერას იმ ზომით, როგორც მიიწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მხარდაჭერაში კი იგულისხმება ნატო-ში გაწევრიანებაც“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

პრესკონფერეციაზე საუბრის დროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ივლისში გამართული ნატო-ს სამიტი გაიხსენა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, სწორედ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ფაქტს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად ალიანსი საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ნატო-ს ოპერაციებსა და სწავლებებში საქართველოს წვლილიც განიხილა. იენს სტოლტენბერგმა მადლიერება გამოხატა ალიანსისთვის საქართველოს მიერ გაწეული წვლილის გამო. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ავღანეთის მისიაში საქართველოს უმთავრესი პარტნიორია.