იენს სტოლტენბერგი - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არგაფართოების პირობა არ გაუცია
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არგაფართოების პირობა არ გაუცია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ფაქტობრივად, ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელ ხელშეკრულებაში წერია, რომ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი. გარდა ამისა, არის 70-იანი, 90-იანი წლებით დათარიღებული დოკუმენტები – ჰელსინკის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია, ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი და მრავალი სხვა ხელშეკრულება, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ქვეყნებს აქვთ საკუთარი გზის არჩევის უფლება. ეს არის ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც რუსეთმაც გამოიყენა. ეს არ არის ის, რისი შეცვლაც შესაძლებელია ზოგიერთი ციტატის გამოყენებით. მოკავშირეებიც კატეგორიულად უარყოფენ, რომ ასეთი პირობა ჰქონდეთ დადებული. თავად ყოფილმა პრეზიდენტმა, გორბაჩოვმა თქვა, რომ ნატო-ს გაფართოების თემა გერმანიის გაერთიანებამდე არასდროს წამოწეულა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.