იენს სტოლტენბერგი - ბუქარესტში ცხადად ვთქვით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა კონკრეტული თარიღი არ განსაზღვრულა, თარიღზე საუბარი დღესაც არ იქნება
იენს სტოლტენბერგი - ბუქარესტში ცხადად ვთქვით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა კონკრეტული თარიღი არ განსაზღვრულა, თარიღზე საუბარი დღესაც არ იქნება

ბუქარესტში ცხადად ვთქვით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ ყოფილა და თარიღზე საუბარი დღესაც არ იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა.

ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჰყავს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები – საქართველო და უკრაინა, რომლებთანაც ალიანსი თანაშრომლობას აძლიერებს.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საგზაო რუკა საქართველოსთვის უახლოეს მომავალში, იენს სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ნატო-ს კარი ღიაა, თუმცა კონკრეტულ დროზე საუბარი არ იგეგმება.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთთან კონფლიქტის პრევენციას შეეცდება. სტოლტენბერგის განმარტებით, უნდა მოხდეს პრევენცია, რომ არ განმეორდეს ის, რაც უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ იყო.

„მჯერა, რომ ნატო-ს მოკავშირეები კვლავ დაადასტურებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ მანამდე მივიღეთ, მათ შორის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, სადაც ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ ყოფილა და თარიღზე საუბარი დღესაც არ იქნება. ჩვენ ფოკუსირებული ვართ რეფორმებზე, საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებაზე, მისი თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებაზე. გზავნილი არის, რომ ნატო-ს კარი ღიაა. მხოლოდ ასპირანტმა ქვეყანამ, საქართველომ და 30-მა მოკავშირემ უნდა გადაწყვიტოს ალიანსის გაფართოების საკითხი. რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში. ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, გადაწყვიტოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რომელი უსაფრთხოების სტრუქტურის ნაწილად სურს ყოფნა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.