იენს სტოლტენბერგი - აშშ-სა და გერმანიაში ნატო-ს ორი ახალი სამეთაურო პუნქტი განთავსდება
იენს სტოლტენბერგი - აშშ-სა და გერმანიაში ნატო-ს ორი ახალი სამეთაურო პუნქტი განთავსდება

ნატო-ს ორი ახალი სამეთაურო პუნქტი დაემატება და ძლიერი სარეზერვო ძალები ეყოლება. ამის შესახებ განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, 7 ივნისს დაგეგმილი თავდაცვის მინისტერიალის მთავარი თემების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით,  ახალი სამეთვალყურეო პუნქტების დამატებაზე თავდაცვის მინისტრები შეხვედრაზე შეთანხმდებიან.

ერთ-ერთი განთავსდება აშშ-ში, კერძოდ ნორფოლკში, ხოლო მეორე -გერმანიის ქალაქ ულმში.

სტოლტენბერგის თქმით, ეს უზრუნველყოფს ნატო-ს ძალების უფრო სწრაფ გადაადგილებას როგორც ატლანტიკის ოკეანეში, ისე ევროპის კონტინენტზე.

სტოლტენბერგმა ასევე წარადგინა ახალი “მზაობის ინიციატივა”, რომელსაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა “ოთხი ოცდაათი” უწოდა. მისი თქმით, ნატო-ს 2020 წლისთვის ეყოლება 30 მექანიზებული ბატალიონი, 30 ავიაგამანადგურებელი და 30 სამხედრო ხომალდი, რომელთა საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა 30 დღეში იქნება შესაძლებელი.

“საუბარი არ არის ნატო-ში ახალი ძალების დამატებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ არსებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაზრდაზე. არაპროგნოზირებად სამყაროში, ნატო უნდა იყოს უკეთესად მომზადებული,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრები ასევე იმსჯელებენ სამხედრო ხარჯების გაზრდასა და მოკავშირეების მიერ ფინანსური ვალდებულებების გაზიარებაზე. სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეებმა უკვე შეწყვიტეს სამხედრო ხარჯების შემცირება, ხოლო ნაწილმა უკვე გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი.

მინისტერიალზე, რომელიც 7-8 ივნისს არის დაგეგმილი,  მოკავშირეები ასევე განიხილავენ ავღანეთის მისიის მომავალს და ევროკავშირი-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტერიალის მუშაობაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი.

დატოვე კომენტარი