იენს სტოლტენბერგი - ალიანსის თავდაცვის მინისტრებს ავღანეთში მისიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ
იენს სტოლტენბერგი - ალიანსის თავდაცვის მინისტრებს ავღანეთში მისიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ

ალიანსის თავდაცვის მინისტრებს ავღანეთში მისიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება აშშ-სა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული ვადა, პირველი მაისი, რა დროსაც ნატო-ს ძალებმა ავღანეთი უნდა დატოვონ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის სამხედრო ძალები ავღანეთს მხოლოდ წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად დატოვებს. ამასთან, იენს სტოლტენბერგმა მოძრაობა „თალიბანს“ მოუწოდა, შეასრულოს აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რათა ავღანეთი ტერორისტების თავშესაფრად არ იქცეს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თებერვალს აშშ-მა და მოძრაობა „თალიბანმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, აშშ და მისი მოკავშირეები პირობას დებენ, რომ დატოვებენ ავღანეთს, სანაცვლოდ კი „თალიბანი“ იქნება გარანტი, რომ ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი არ იქნება.

2021 წლის 4 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დადებული შეთანხმების გადახედვას აპირებენ.