იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ წელს ალიანსის 18 წევრი სახელმწიფო სამხედრო ხარჯების დათქმულ ნიშნულს მიაღწევს, რაც შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესია

23:27, 14.02.2024

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ წელს ალიანსის 18 წევრი სახელმწიფო სამხედრო ხარჯების დათქმულ ნიშნულს მიაღწევს.

მისი თქმით, ეს შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესია, რადგანაც ამ დრომდე საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ნატო-ს მხოლოდ 11 ქვეყანა ხარჯავდა.

როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ერთ-ერთი მსხვილი ქვეყანა, რომელიც სამხედრო ხარჯებს დათქმულ ნიშნულამდე გაზრდის, გერმანიაა, რომელსაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის თავდაცვაზე, ბოლო ათი წელია, არ დაუხარჯავს.

2024 წელს ბერლინი სამხედრო სფეროში 68 მილიარდი ევროს დაბანდებას აპირებს.

იენს სტოლტენბერგმა წევრი ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ დაიცავს ალიანსის იმ მოკავშირეებს, რომლებიც ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებენ და, მეტიც, ტრამპის თქმით, ის წააქეზებს რუსეთს, რომ ნატო-ს ამ წევრებს თავს დაესხას. ტრამპის განცხადებას ევროპაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

მსგავსი