იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში, უახლოეს კვირებში ომის კიდევ უფრო გამწვავებაა მოსალოდნელი

12:48, 07.05.2022

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის კიდევ უფრო გამწვავებას ელის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მედია წერს, ამავდროულად სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას.

„გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა გააფრთხილა რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ატომური ომის მოგება შეუძლებელია და არ უნდა იყოს წარმოებული, მათ შორის რუსეთის მიერ“.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია არ ფლობს რაიმე მონაცემებს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ პუტინის მუქარის მიუხედავად, უკრაინაში რუსული შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ატომური არსენალი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა აყვანილი.

მსგავსი