იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო „სერბთა რესპუბლიკის“ რიტორიკით შეშფოთებულია
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო „სერბთა რესპუბლიკის“ რიტორიკით შეშფოთებულია

ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო შეშფოთებულია „სერბთა რესპუბლიკის“ აალებადი რიტორიკით. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბოსნია და ჰერცეგოვინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ბოსნია და ჰერცეგოვინის ერთიანი სტრუქტურები მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის. კერძოდ, შეიარაღებული ძალები, ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი მრავალეთნიკური ინსტიტუტი. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის რეფორმების მხარდაჭერას მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ბალკანეთი ევროპის გულშია, მაგრამ იქ გარკვეული არასწორი მოძრაობები შეინიშნება. ბოსნიელი სერბების ლიდერმა, მილორად დოდიკმა, რომელსაც რუსეთისა და სერბეთის ფარული მხარდაჭერა აქვს, ბოლო დროს კამპანია გაააქტიურა, რომელიც ბოსნიის და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში არსებული ცალკე სუბიექტის, „სერბთა რესპუბლიკის“ არმიის, საგადასახადო ორგანოსა და სადაზვერვო სააგენტოს შექმნას მიმდინარე თვის ბოლომდე ითვალისწინებს. დოდიკი იმუქრება, რომ ბოსნიელი სერბების სამხედრო კონტინგენტის ჩამოყალიბების შემდეგ, „სერბთა რესპუბლიკაში“ მდებარე ბოსნიის არმიის ყაზარმებს დაიკავებს. ბოსნიის ომი აშშ-ის ხელმძღვანელობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით 1995 წელს დასრულდა. დეიტონის შეთანხმებით, შეიქმნა ორი ადმინისტრაციული ერთეული, იგივე სუბიექტი – სერბული დომინაციის „სერბთა რესპუბლიკა“ და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობით ფედერაცია, იგივე ბოსნია და ჰერცეგოვინა. არმია, უმაღლესი სასამართლო სისტემა, დაზვერვა და საგადასახადო ადმინისტრაცია იმართება სახელმწიფო დონის ინსტიტუტების მიერ.