იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ამერიკის სამხედრო ძალების ევროპაში ყოფნა ნატო-სთვის მნიშვნელოვანია
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ამერიკის სამხედრო ძალების ევროპაში ყოფნა ნატო-სთვის მნიშვნელოვანია

გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსში გერმანიის როლსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სამხედროების ნაწილის გერმანიიდან გაყვანის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„ნატო-ს წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არის, ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა ნატო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია, რადგან ვიცით, რომ ჩვენ წინაღობების გადალახვა შეგვიძლია. მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ყოველთვის ვერთიანდებით და ვიცავთ ერთმანეთს. ამის მთავარი მიზანი კი ის არის, რომ არ მოვახდინოთ კონფლიქტის პროვოცირება. შევაჩეროთ ომი და კონფლიქტი. სანამ ერთად ვართ, ყველა ჩვენგანის სიცოცხლე უფრო უსაფრთხო და დაცულია, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ინტერვიუს დროს იენს სტოლტენბერგი დონალდ ტრამპის კომენტარზეც ისაუბრა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი გერმანიას თავდაცვაში არასაკმარისი ფინანსების ჩადების გამო აკრიტიკებს. სტოლტენბერგის განცხადებით, ქვეყანა ამჟამად თავდაცვის ბიუჯეტში მეტ ფინანსურ რესურსებს დებს.

„ბოლო წლების განმავლობაში გერმანიამ საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტი 40 პროცენტით გაზარდა, ხოლო მომავალი ათწლეულის განმავლობაში მის 80 პროცენტით გაზრდას გეგმავს. ეს მნიშვნელოვანია. ეს ნატო-ს საერთო ხარჯებსაც ეხმარება, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 130 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მაგრამ ჩვენ გერმანიისგან მეტს ველით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, მან ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალების ევროპაში ყოფნა ნატო-სთვის, ევროპისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც მნიშვნელოვანია.

„ევროპის მშვიდობა და სტაბილურობა ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებასაც ნიშნავს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ-ის ძალების გერმანიასა და ევროპაში ყოფნა, მხოლოდ ევროპის ინტერესებში არ შედის, ეს ასევე ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ავღანეთში აშშ-ის ძალების გავრცელებას ემსახურება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.