იემენში საუდის არაბეთის კოალიციის საჰაერო თავდასხმას ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
იემენში საუდის არაბეთის კოალიციის საჰაერო თავდასხმას ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით არსებული კოალიციის საჰაერო თავდასხმას ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 20 კი დაშავდა. ცნობას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ავიაიერიში დედაქალაქ სანაასთან ახლოს, ქალაქ ამრანში მოხდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ძირითადად ქალები და ბავშვები არიან.

დასახლებული პუნქტის პარალელურად, საუდის არაბეთის კოალიციამ ამრანთან ახლოს არსებულ საჰაერო ბაზას, პოლიციისა და ფოსტის შენობას, ასევე სატელეკომუნიკაციო ცენტრს შეუტია.

იემენში სამოქალაქო დაპირისპირება შიიტ ჰუსიტებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის 2014 წელს დაიწყო. 2015 წელს კონფლიქტში მთავრობის მხარდასაჭერად საუდის არაბეთის კოალიცია ჩაერთო. იემენის მეამბოხე ჰუსიტებს კი არაოფიციალურად ირანი ეხმარება.

13 ივნისს კოალიციურმა ძალებმა წითელ ზღვასთან არსებულ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ჰოდეიდაში ჰუსიტების განსადევნად ოპერაცია დაიწყეს. ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოპერაციის გახანგრძლივების შემთხვევაში, რეგიონი, რომელშიც 600 000 ადამიანი ცხოვრობს, შესაძლოა, ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე დადგეს.