იემენში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები ჩავიდნენ
იემენში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები ჩავიდნენ

იემენში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები ჩავიდნენ. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

როგორც ცნობილია საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ადენში ხელისუფლების წევრებს შეხვდებიან, რის შემდეგაც დედაქალაქ სანააში ჩავლენ.

მათი დანიშნულების საბოლოო წერტილი კი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ჰოდეიდაა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ ცოტა ხნის წინ გადავიდა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.

გაერო-ს სადამკვირვებლო მისიას ჰოლანდიელი გადამდგარი გენერალი, პატრიკ კამაერტი ხელმძღვანელობს. ჯგუფმა სამხედროების პორტის ტერიტორიიდან გაყვანა და ჰოდეიდას სრულფასოვანი ფუნქციონირების კონტროლი უნდა უზრუნველყოს. ამის შემდეგ კი ჰოდეიდას საშუალებით იემენის მოსახლეობა ჰუმანიტარულ ტვირთს მიიღებს.

იემენში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში ქვეყანა უპრეცენდენტო ჰუმტანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ჰუმანიტარული დახმარების მნიშნველოვანი ნაწილი იემენში სწორედ ჰოდეიდას პორტის საშუალებით შედის.