იემენში ავიაიერიშის შედეგად 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
იემენში ავიაიერიშის შედეგად 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

იემენში ავიაიერიშის შედეგად 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ გაერო იუწყება. საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულებს შორის 10 ქალი და 12 ბავშვია. ამასთან, მძიმედ დაშავდა 30 ადამიანი. მათგან 14 მოზარდია.

საჰაერო შეტევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით არსებული კოალიციის მიერ განხორციელდა.

იემენში სამოქალაქო ომი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ერთმანეთს ქვეყნის ხელისუფლება და ამბოხებული ჰუსიტები ებრძვიან. იემენის მთავრობას სამხედრო ოპერაციებში საუდის არაბეთი ეხმარება.

ამბოხებულ შიიტ ჰუსიტებს შიიტური ირანი უმაგრებს ზურგს. ამ ხნის განმავლობაში მარიონეტული ომის დროს ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მათი დიდი ნაწილი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

დასავლეთი საუდის არაბეთის კოალიციას ხშირად აკრიტიკებს, რადგან საჰაერო შეტევების დროს მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან.