იემენში ამბოხებულმა ჰუსიტებმა ქალაქ ჰოდეიდას დატოვებაზე უარი განაცხადეს
იემენში ამბოხებულმა ჰუსიტებმა ქალაქ ჰოდეიდას დატოვებაზე უარი განაცხადეს

იემენში ამბოხებულმა ჰუსიტებმა ქალაქ ჰოდეიდას დატოვებაზე უარი განაცხადეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობამ გაეროს მისიის წარმომადგენლებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქიდან მეამბოხეების გამოყვანისთვის გარკვეული დრო მისცა, თუმცა ჰუსიტებმა აღნიშნულ ინიციატივაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ იემენური საინფორმაციო სააგენტო SABA იუწყება.

იემენის მთავრობის განცხადებით, ჰოდეიდას პორტი საქონლის და ჰუმანიტარული დახმარების მიღებისთვის აუცილებელია.

იემენის საკითხებში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარტინ გრიფიტსმა ივნისის ბოლოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დაწყების შესახებ განაცხადა. მანამდე დიპლომატმა შეხვედრები გამართა იემენის პრეზიდენტსა და ამბოხებული შიიტი ჰუსიტების ლიდერებთან. მაშინ მხარეებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს.

იემენში მთავრობასა და შიიტ ჰუსიტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2014 წლის შემდეგ არ ცხრება. ბოლო პერიოდში მხარეები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰოდეიდასთავის იბრძვიან. 13 ივნისს არაბულმა კოალიციამ წითელ ზღვასთან არსებული საპორტო ქალაქიდან ამბოხებულების განსადევნად ოპერაცია „ოქროს გამარჯვება“ დაიწყო. სახელისუფლებო არმიამ ჰოდეიდაში აეროპორტის დაკავება უკვე მოახერხა, ახლა კი ამბოხებულების განდევნას პორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცდილობენ.