იემენის სამთავრობო საწვრთნელ ბანაკზე დაჯგუფება „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა

11:03, 20.10.2026

იემენის სამთავრობო საწვრთნელ ბანაკზე დაჯგუფება „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა.

გუბერნატორ ავად ალ-ვაზირის ინფორმაციით, თავდასხმა იემენის შაბვის პროვინციაში, ალ-ალამის ბანაკზე მოხდა.

მისივე ცნობით, იერიშების შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი პირი, კიდევ 14 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ამასთან, „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „ჰუსიტებმა“ ბანაკის მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. თავდასხმას ადასტურებენ „ჰუსიტი“ ამბოხებულებიც.

მათი სამხედრო სპიკერის, იაჰია სარის თქმით, დაჯგუფებამ საწვრთნელი ბანაკი დაბომბა, რადგან მას საუდის არაბეთის ძალები მართავენ.

ცნობისთვის, იემენში ომი 2014 წელს დაიწყო, როდესაც ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ დედაქალაქი სანა დაიკავეს, რის შედეგადაც მთავრობა მხოლოდ ქვეყნის ნაწილს აკონტროლებს. იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას საუდის არაბეთი უჭერს მხარს.

მსგავსი