იემენელი „ჰუსიტების“ მოძრაობამ, „ანსარ ალაჰმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა
იემენელი „ჰუსიტების“ მოძრაობამ „ანსარ ალაჰმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა. ამის შესახებ მოძრაობის სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარიამ განაცხადა.
„იემენის შეიარაღებული ძალები საუდის არაბეთს საზღვაო მიმოსვლის აკრძალვას უწესებს, პრინციპით „ბლოკადა ბლოკადის საპასუხოდ“. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ განცხადების გამოქვეყნების მომენტიდან“, – განაცხადა სარიამ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოძრაობა იტოვებს უფლებას, საუდის არაბეთის ქმედებების საპასუხოდ „ყოვლისმომცველი ესკალაცია“ განახორციელოს.
„იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ სრულად მზად არიან მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის. თუ საუდის არაბეთი ესკალაციის გზას აირჩევს და რაიმე დაუფიქრებელ ნაბიჯს გადადგამს, პასუხი მკაცრი იქნება,“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, „ჰუსიტებმა“ მხარდამჭერებს საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.
ცნობისთვის, გასულ კვირას „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთი მათ მიერ კონტროლირებადი აეროპორტის დაბომბვაში დაადანაშაულეს და სამეფოს მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ამით ფაქტობრივად დასრულდა ოთხწლიანი ზავი საუდის არაბეთსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰუსიტურ“ დაჯგუფებას შორის მიმდინარე კონფლიქტში.