იემენელი „ჰუსიტები” აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე შვიდი სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით
იემენელი „ჰუსიტების” სამხედრო სპიკერის, იაჰია სარიეს განცხადებით, დაჯგუფებამ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე შვიდი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით.
მისი თქმით, სამიზნეებს შორის იყო ერ რიადში მდებარე მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტი, კომპანია „არამკოს“ ობიექტი იანბუში, რაბიგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი და ნედლი ნავთობის სატუმბი სადგურები.
მისივე განცხადებით, თავდასხმები მიმართული იყო დამამში მდებარე მეფე ფაჰდის საერთაშორისო აეროპორტის, ნაჯრანის აეროპორტისა და ხამის მუშაიტის საჰაერო ბაზის წინააღმდეგაც.
სარიეს მტკიცებით, ოპერაციებმა დასახულ მიზნებს მიაღწია.
საუდის არაბეთის მხარდაჭერით მოქმედმა იემენის მთავრობამ კი განაცხადა, რომ „ჰუსიტებმა” სამხრეთ იემენის საპორტო ქალაქ ადენში სანაპირო დაცვის ობიექტების მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
საუდის არაბეთის ხელისუფლებას ჰუსიტების მიერ გამოცხადებული ოპერაციების შესახებ პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, ერთ-ერთი სავარაუდო ნავთობობიექტის მახლობლად რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა.