„IDS ბორჯომი“ - სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დაიწყო მედიაციის პროცესი, პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას
„IDS ბორჯომი“ - სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დაიწყო მედიაციის პროცესი, პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას

კატეგორიულად მიუღებელია პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და ზეწოლა იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც შემოდის ქარხანაში და განაგრძობს მუშაობას, – ამის შესახებ „IDS ბორჯომი“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიესალმებიან მედიაციის პროცესს, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანა.

„ვითარება ადგილზე ამ მომენტისთვის შედარებით მშვიდია, თუმცა გაუგებარია პროტესტის მონაწილეების მხრიდან დილით განხორციელებული აგრესია. კატეგორიულად მიუღებელია პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და ზეწოლა იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც შემოდის ქარხანაში და განაგრძობს მუშაობას. როგორც უკვე არაერთხელ განვმარტეთ, ჩვენ მინიმალური წარმოება გვაქვს, ძირითადად ქართული ბაზრის პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გუშინ დაიწყო მედიაციის პროცესი პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას“, – აცხადებენ კომპანიაში.

„IDS ბორჯომში“ განაცხადეს, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს „IDS ბორჯომი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს. ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს პოლიციამ აქცია დაშალა. პოლიცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა სიტუაციის განმუხტვის მიზნით. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მივესალმებით მედიაციის პროცესს, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანაა“, – აცხადებენ კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.