„IDS​ ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს
„IDS​ ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს

მედიაციის მეთორმეტე დღეს, კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს „IDS​ ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი. შეხვედრა პირველი და მეორე ქარხნის თანამშრომლებთან ცალ-ცალკე შედგება. ამის შესახებ კომპანიამ თანამშრომლებს უკვე აცნობა.

პარალელურად, ქარხნის წინ კომპანიის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. თანამშრომლები ახალი ხელშეკრულებების პირობებს და თანაშრომლების გათავისუფლების შესახებ კომპანიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი ითხოვენ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, ძველი ხელშეკრულების პირობებზე დაბრუნებას და კოლექტიური ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებას. კომპანიის გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილს დაერუცხათ ორთვიანი კომპენსაცია.

ბორჯომში იმყოფება აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე. მისი განცხადებით, თუკი დასაქმებულების პრობლემები მედიაციის პროცესში ვერ მოგვარდება, ისინი დავას სასამართლოში გააგრძელებენ.

„კომპანიის თანამშრომლებს, ვინც არ არიან გათავისუფლებული, დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დღეს შედგება შეხვედრა კომპანიის გენერალურ დირექტორთან. მაჭავარიანთან შეხვედრას ჩვენ პირველი დღიდან ვითხოვდით. თუმცა, თუ არ შედგება შეხვედრა ყველასთან, მათ შორის გათავისუფლებულებთანაც, ამ შეხვედრაზე ჩვენ არ შევალთ. ბევრს არაფერს ველოდებით ამ შეხვედრიდან. ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი. პირველი, აუცილებლად უნდა მოხდეს აღდგენა სამსახურში გათავისუფლებულების. მეორე, ვითხოვთ ძველ ხელშეკრულების პირობებზე დაბრუნებას და შემდეგ ხელფასების მატებას. მედიაციის პროცესი მიმდინარეობს და თუ შედეგს ვერ მივაღწევთ, კანონიერად გავაგრძელებთ დავას სასამართლოში“, – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.