იდოიძის ადვოკატი - ჯერ ვერ ვიტყვი, რა მუხლით არის დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი
იდოიძის ადვოკატი - ჯერ ვერ ვიტყვი, რა მუხლით არის დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში დაკავებული ზურაბ იდოიძის ადვოკატის, დავით მოდებაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებს არ იცნობს, ჯერ ვერ იტყვის, რა მუხლით არის დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

ამის შესახებ დავით მოდებაძემ სუს-ის შენობაში შესვლის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

,,დაკავების ოქმი არ მინახავს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვხდები პირველად. ღამის 3 საათზე მოიყვანეს აქ. რა მუხლით არის დაკავებული, ვერაფერს ვიტყვი. გავესაუბრები და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. სანამ ბრალს არ წარუდგენენ, საქმის მასალებს ვერ გავეცნობი”, – განაცხადა დავით მოდებაძემ.

რაც შეეხება დაკავებულის ოჯახის პოზიციას, ადვოკატის განმარტებით, ოჯახს აქვს პრეტენზია და მიიჩნევს, რომ ზურაბ იდოიძე უდანაშაულოა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ ახმეტაში  საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.