სირიაში, პროვინცია იდლიბში სირიის არმიის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის შეიარაღებული ოპოზიცია ავრცელებს, რომელიც ბაშარ ასადის ერთგული ჯარისკაცების წინააღმდეგ იბრძვის. როგორც იუწყებიან, ვერტმფრენი „მი-8“ ქალაქ იდლიბთან ჩამოვარდა, რომელსაც სირიის პრეზიდენტის ოპონენტები აკონტროლებენ. ორი პილოტი დაიღუპა. იმყოფებოდნენ თუ არა ბორტზე სხვა მგზავრები, უცნობია.
სხვადასხვა ცნობით, სირიის პროვინცია იდლიბში გრძელდება რუსეთის ავიაციის იერიშებიც. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.
თავის მხრივ, თურქეთის ხელისუფლება იუწყება, რომ იდლიბის პროვინციაში სირიის სახელისუფლებო ძალების 51 სამხედრო გაანეიტრალა.
როგორც თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასევე განადგურებულია სირიის რეჟიმის ორი ტანკი, საზენიტო დანადგარი და ერთი სამხედრო საწყობი.