დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობაა
დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობაა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მექანიზმად ქუჩის აქციები ვერ იქნება გამოყენებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს ხუნდაძემ განუცხადა, ამას აკეთებს კანონი.

„ამას აკეთებს კანონი და კანონი ქუჩაში ვერ ივლის. კანონს აქვს შესაბამისი ადგილი და დრო, შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. როგორც ხუნდაძე ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციების ეს განცხადება პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობაა.

„მიუხედავად იმისა, რა რანგის პოლიტიკოსი იქნება ამ პროცესში ჩართული, პოლიტიკა თავშესაფარი ვერ იქნება იმის, რომ შესაძლოა, დანაშაული ჩაიდინო და არ დაისაჯო მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობის პირი ხარ, კანონი ყველას თანაბრად ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს განცხადება არის პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობა“ – განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება პოლიტიკურად მოტივირებულია.

დატოვე კომენტარი