იბრაჰიმოვიჩმა რონალდუ გააკრიტიკა
იბრაჰიმოვიჩმა რონალდუ გააკრიტიკა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დი-ეი-ზი-ენთან (DAZN) ინტერვიუ ჩაწერა და ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა.

შვედი ფორვარდის აზრით, გამოწვევად ვერ ჩაითვლება ის, როცა ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდში სათამაშოდ მიდის.

„ჩემპიონთა ლიგა წელს ძალიან საინტერესო იქნება. მისი მოგების შანსი ერთბაშად რამდენიმე გუნდს აქვს, რაც უფრო მეტ ინტრიგას ტოვებს, მე კი ჩემს ყოფილ კლუბებს ვუგულშემატკივრებ. კრიშტიანუზე არასდროს ვიტყვი, რომ ის დიადი ფეხბურთელი არ არის, თუმცა გამოწვევად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაში ვერ ჩაითვლება. გამოწვევა ჩემთვის იმ კლუბში ძალების მოსინჯვაა, რომელიც განვითარების აუცილებლობას საჭიროებს“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.