„იბიარდი“ საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს
„იბიარდი“ საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი – ტვიშილაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, – აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დღეს შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, მომდევნო თვეში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც პროექტის შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც კავკასიაში „იბიარდის“ რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, ხოლო საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ „იბიარდი“ საქართველოს მთავრობასთან პოსტკრიზისულ პერიოდშიც აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს, ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული მიმდინარე ერთობლივი პროექტები კი შეუფერხებლად განხორციელდება.

„აღინიშნა „იბიარდის“, როგორც საქართველოს ძლიერი პარტნიორის როლი, საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის კუთხით. შეხვედრისას ითქვა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მომდევნო პერიოდში ბანკის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების რეფორმას და საქართველოს ელექტროსისტემის კორპორატიზაციის საკითხებს შეეხება“, – აღნიშნავენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ენგურის რეაბილიტაციის, ბაკურიანის მუნიციპალიტეტისა და სხვა მუნიციპალური მხარდაჭერის პროექტებს.

„შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს „იბიარდის“ მიერ ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, რომელთა ხელშეწყობაც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

აღინიშნა, რომ „იბიარდი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ბანკის მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც უშუალოდ კრიზისთან ბრძოლაში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დასაბრუნებლად.