„იბერიის“ პრეზიდენტი - კლუბების კრიტიკა სამართლიანია, მაგრამ პროგრესის წინაპირობა არის #1TVSPORT
„იბერიის“ პრეზიდენტი - კლუბების კრიტიკა სამართლიანია, მაგრამ პროგრესის წინაპირობა არის #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, მოქმედი ჩემპიონის, თბილისის „იბერიის“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის გუნდის მზადებასა და იმედებზე ისაუბრა.

„დღეს ჩემპიონატი იწყება და გულშემატკივრებს ვუსურვებ, ბევრი კარგი, სანახაობრივი თამაში იხილონ და ბევრი ტალანტი აღმოვაჩინოთ, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გააძლიერებენ. მოლოდინიც არის და სურვილიც, რომ წლევანდელ სეზონში კლუბები უფრო წარმატებით გამოვიდნენ, ვიდრე წინა წლებში.

სამართლიანია ის კრიტიკა, რასაც ხშირად კლუბების მიმართ ვისმენთ. წინსვლას ერთი კლუბი ვერ შეძლებს, აქ ერთიანობაა საჭირო. პროგრესის წინაპირობა კი არის. ჩვენც ამისთვის ვიხარჯებით, რომ რაც შეიძლება მეტად გავახაროთ გულშემატკივარი.

რაც შეეხება სეზონისთვის „იბერიის“ მომზადებას, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. გუნდი ერთი თვე თურქეთში საუკეთესო პირობებში ვარჯიშობდა. სამწვრთნელო სტაფმა შეძლებისდაგვარად კარგად იმუშავა, რომ გუნდი გაძლიერებულიყო და საკმაოდ კარგი ფეხბურთელები მოვიყვანეთ.

მოლაპარაკებები კიდევ გვაქვს, გაძლიერება ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაშიც“ შეიძლება. ჩვენი პრინციპია, რომ ქართველ მოთამაშეებს დავეყრდნოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ წარმატებულად ვითამაშოთ ეროვნულ ლიგაში და, რაც მთავარია, ევროტურნირებზე“.