„იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე „დრიტასთან“ მატჩი ფრედ დაასრულა #1TVSPORT
„იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე „დრიტასთან“ მატჩი ფრედ დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი კოსოვოს „დრიტასთან“ გამართა და ფრედ 1:1 დაასრულა.

კოსოვოს მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ გუნდთან შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 30-ე წუთზე ანგარიში კოსოვოელების ნახევარმცველმა ალბერტ დაბიქაიმ გახსნა, მაგრამ რვა წუთში თავური დარტყმით თბილისელთა ნახევარმცველმა ოთო მამაგეიშვილმა წონასწორობა აღადგინა.

„იბერიას“ პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ჩემპიონმა ტაიმები ორი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა. სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა თბილისელთა საფეხბურთო აკადემიის აღზრდილებმა გიორგი ქუქალიამ და ალექსანდრე ამისულაშვილმა.

„იბერია“ ანტალიაში ერთთვიან მოსამზადებელ შეკრებაზეა. ლევან კორღალიძის გუნდი კიდევ შვიდ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. შემდეგი შეხვედრა 26 იანვარს გაიმართება – საქართველოს ჩემპიონი ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელ „ვარდარს“ დაუპირისპირდება.