საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ახალი სეზონისთვის გაძლიერება დაიწყო და ქუთაისის „ტორპედოდან“ პაატა ღუდუშაური დაიმატა – ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
გავრცელებული ცნობის მიხედვით, „იბერია 1999“ 28 წლის ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, ხელშეკრულება კი მალე გაფორმდება.
პაატა ღუდუშაური სხვადასხვა დროს „ვიტ ჯორჯიაში“ და გორის „დილაში“ თამაშობდა. შემდეგ იყო ბათუმის „დინამო“, საიდანაც 2024 წელს ისრაელის მთავარ ლიგაში „ბნეი-სახნინის“ ღირსებას იცავდა.
იგი გასული წლის ნოემბერში ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი გახდა.
2023 წელს ღუდუშაური ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშეობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო – იმ სეზონში ბათუმის „დინამოში“ ე.წ. ორმაგი დუბლი შეასრულა, ანუ 10-ზე მეტი გოლი და საგოლე პასი მიითვალა (12 გოლი, 13 საგოლე პასი). ის ერთადერთი მოთამაშე გახდა, ვინც ბოლო წლებში ეს შეძლო.