„იბერიამ“ ტესტ-მატჩში „სპაერს“ სძლია – ბათუმის „დინამო“ სომხეთში გაემგზავრება #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“, რომელიც ეროვნული ლიგის განახლებისა და კონფერენსლიგაზე სადებიუტო სეზონისთვის ემზადება, ამხანაგური შეხვედრა გამართა.
ანდრეი დემჩენკოს ნაცვლად გუნდი ლევან კორღალიძემ ჩაიბარა, მაგრამ ჯერ ოფიციალურად გუნდის მთავარი მწვრთნელი არ არის. მის არყოფნაში სანაკრებო პაუზაზე თბილისელები ამხანაგურ შეხვედრაში „სპაერს“ ნიკა გუშარაშვილის ხელმძღვანელობით დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს. გოლები ლუკას კაფემ და ცოტნე ხეჩიკაშვილმა გაიტანეს.
მიმდინარე სანაკრებო პაუზაზე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს ბათუმის „დინამოც“ – გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები ერევანში გაემგზავრებიან, სადაც 2 ოქტომბერს „ნოას“ დაუპირისპირდებიან.
ეროვნული ლიგის გათამაშება 4 ოქტომბერს 22-ე ტურის გადადებული შეხვედრით განახლდება – თბილისის „იბერია“ „მიხეილ მესხი არენაზე“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.