„იბერიამ“ ისევ მოიგო და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა #1TVSPORT
„იბერიამ“ ისევ მოიგო და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა #1TVSPORT

„იბერიამ“ ეროვნული ლიგის მერვე ტურში „პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრას“ უმასპინძლა და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 3:1.

გიორგი მიქაძის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და ორბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ. მე-18 წუთზე ანგარიში შოთა ნონიკაშვილმა გახსნა, 29-ე წუთზე კი შეიკნე სილამ ანგარიში 2:0 გახადა.

„გაგრამ“ ტაიმის ბოლომდე სხვაობის შემცირება მოახერხა. 32-ე წუთზე ლევან გეგეჭკორის გადაცემით თავი გიორგი ქიმაძემ გამოიჩინა, თუმცა შესვენების შემდეგ (57-ე წუთზე) „იბერიამ“ ცოტნე კაპანაძის ზუსტი დარტყმით ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.

„იბერიამ“ ამ მატჩის შემდეგ 19 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა, ხოლო „გაგრა“ (3) ბოლო ადგილზე დარჩა.