იაშვილის კლინიკაში ვირუსული ინფექციებით მიმართვიანობა მკვეთრად გაზრდილია, უმეტესობა „ბე“ ტიპის ვირუსის შემთხვევაა
იაშვილის კლინიკაში ვირუსული ინფექციებით მიმართვიანობა მკვეთრად გაზრდილია, უმეტესობა „ბე“ ტიპის ვირუსის შემთხვევაა

იაშვილის კლინიკაში ვირუსული ინფექციებით პაციენტების მიმართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სჭარბობს „ბე“ (B) ტიპის ვირუსი.

„ვირუსული ინფექციებით შემოსული პაციენტების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი. განსაკუთრებით მატება შეეხება დეკემბრის ბოლო კვირას, რაც მოსალოდნელიც იყო. წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, სწორედ დეკემბრის ბოლო კვირა არის მომართვიანობის მაქსიმუმი. წელსაც იგივე მონაცემები გვაქვს. განსხვავება წინა წლებთან შედარებით გახლავთ „ბე“ (B) ტიპის ვირუსის სიჭარბე. დღევანდელი მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, რომელიც ჩვენი კლინიკის ბაზაზე კლინიკური შემთხვევების გარდა ლაბორატორიული შემთხვევების მონიტორინგსაც ახორციელებს, ასეთი მონაცემები გვაქვს – 19 შემთხვევა არის A ტიპის ვირუსის და 49 შემთხვევა B ტიპის ვირუსია ფიქსირებული დღეისთვის. მათი კლინიკური მიმდინარეობა მძიმეა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც მან განმარტა, სიმძიმე ძირითადად განპირობებულია მაღალი ტემპერატურითა და ხშირ შემთხვევაში, ფილტვების ანთებით.

„თუ შევადარებთ წინა პერიოდებს, წინა წლებს, როდესაც ჩვენი პაციენტები ასევე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გვყავდა მოთავსებული დაავადების მართვისთვის, წელს არც ერთი მათგანი არ გადაგვიყვანია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასე რომ, მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა, მართვა მოხერხდა მედიცინის დეპარტამენტში. მათი უმრავლესობა  ხუთ წლამდე ასაკის ბავშვია. წინა წლების იგივე პერიოდებთან შედარებით, თუ ბოლო ოთხი კვირის მონაცემებს გავითვალისწინებთ, 10-20 პროცენტით ნაკლებია წელს მომართვიანობა. პიკი დაფიქსირდა სწორედ დეკემბრის ბოლოს. მომართვიანობის კუთხით ყველაზე დატვირთული წლის 52-ე კვირა აღმოჩნდა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ივანე ჩხაიძემ.