იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 16 მოზარდი მკურნალობს, მათგან სამს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა
იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 16 მოზარდი მკურნალობს, მათგან სამს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა

იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 16 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის ექიმის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ირაკლი ვარძუკაშვილის ინფორმაციით, სამ პაციენტს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.

„იაშვილის კლინიკის სტაციონარში ამჟამად 16 პაციენტი იმყოფება. გუშინ შემოვიდა 12, დღეს ოთხი. გადმოყვანილები არიან რაიონებიდან. მიმდინარეობს სამი პაციენტის ოპერაციული მკურნალობა. სტაციონარში 7-10 დღე დარჩებიან. დაზიანებები საკმაოდ მძიმეა. დაზიანებულია არამარტო ძვლოვანი ქსოვილი, არამედ რბილი ქსოვილების მასიური დაზიანება აღენიშნებათ. კუნთები და მყესებია დაზიანებული და ქსოვილის საკმაოდ დიდი ფართობია ასეთი. ამ ეტაპზე შემანარჩუნებელი ოპერაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ვარძუკაშვილმა.

ექიმის თქმით, წინა წლებთან შედარებით, წელს განსაკუთრებით მძიმე დაზიანებებით მიიღეს პაციენტები. დაშავების მიზეზი სავარაუდოდ პიროტექნიკის არასწორი გამოყენებაა.