იაშვილის კლინიკაში, კონსილიუმზე გრიპის ვირუსის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტებზე იმსჯელეს
იაშვილის კლინიკაში, კონსილიუმზე გრიპის ვირუსის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტებზე იმსჯელეს

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში გამართულ კონსილიუმს დაესწრო. კონსილიუმზე კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტებზე იმსჯელეს და მკურნალობის სტრატეგია შეიმუშავეს. ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ე.წ. ღორის გრიპით დაავადებული ორი ბავშვი მკურნალობს.

„ყველა კლინიკაში, სადაც პაციენტები ორ კვირაზე მეტია, გრიპის გამო მკურნალობენ, იმართება კონსილიუმი და ვგეგმავ, ყველგან მივიღო მონაწილეობა. იაშვილის კლინიკაში საყურადღებო მდგომარეობაში ორი ბავშვია, თუმცა ორივე შემთხვევაში, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გრიპის საწინააღმდეგო 3000 ვაქცინა, რომელიც დამატებით შევიძინეთ, განკუთვნილია ორსულებისა და მელოგინეებისთვის. მარაგი ჯერ კიდევ არის. 1000-იც არ გახარჯულა და თუ საჭირო გახდა შემოტანა, შევიძენთ. გრიპის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადების მიმდინარეობა შემსუბუქდა. პაციენტებს, რომლებიც სტაციონარში გადიან მკურნალობას, ისეთივე ყურადღება სჭირდებათ რაც აქამდე“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრიპის ან გრიპის მსგავსი ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა. ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 249-ს შეადგენს.