იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ექვსი წლის ბავშვის ოჯახის წევრები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვენ
იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ექვსი წლის ბავშვის ოჯახის წევრები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვენ

19 იანვარს იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ექვსი წლის ბავშვის ოჯახის წევრებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კლინიკის ყველა ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვენ, ვინც მათ შვილს მკურნალობდა. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ტრაგიკული შედეგი არასწორმა დიაგნოზმა და შეუსაბამო მკურნალობამ გამოიწვია.

„ჯერ ბათუმის კლინიკაში მივიყვანეთ მაღალი სიცხით, საიდანაც თბილისში გაგვწერეს. შემდეგ  შეცდომით მიგვაყვანინეს ინფექციურ საავადმყოფოში, იქ მდგომარეობა გართულდა და გადავედით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ბავშვის გარდაცვალების მიზეზი არასწორი დიაგნოზი და მკურნალობა გახდა“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა თამარ ჩხიკვაძე.

ბავშვის მამა კი აცხადებს, რომ ექიმებმა გერმანიიდან გამოგზავნილი პასუხები დაუმალეს.

„ბავშვი 19 იანვარს გარდაიცვალა. გერმანიიდან 11 იანვარს მოვიდა პასუხი, რომ ბავშვს ჰქონდა ღვიძლის პრობლემა. ეს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გვითხრეს, რადგან არ უნდოდათ გაემხილათ, რომ არასწორად მკურნალობდნენ. მეუბნებოდნენ, გენეტიკური დაავადება ან სეფსისი აქვსო. დღეში სამჯერ გადასხმას უკეთებდნენ, რაც ღვიძლზე თურმე არ შეიძლება. როდემდე უნდა იყოს ასეთი განუკითხაობა“, -განაცხადა ბავშვის მამამ, ნოდარ კიწმარიშვილმა.

კიწმარიშვილების ოჯახი კლინიკისგან პასუხს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გაგრძელებას გეგმავს.