იარაღის მიყიდვის შეზღუდვის შემთხვევაში, თურქეთი აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრება
იარაღის მიყიდვის შეზღუდვის შემთხვევაში, თურქეთი აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრება

თურქეთი აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრება, თუ ვაშინგტონი ანკარისთვის იარაღის მიყიდვაზე შეზღუდვებს დააწესებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების წინადადება, რომ თურქეთისთვის იარაღის მიყიდვა დროებით შეწყდეს, არასწორი, ალოგიკური და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეთათვის შეუფერებელია.

„მომავალ კვირას აშშ-ში მივემგზავრები, სადაც ვიტყვი, რომ თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვაზე შეზღუდვის დაწესება მიუღებელია. თუ ეს მაინც მოხდა, ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხი“, – ამბობს ჩავუშოღლუ.

ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი აცხადებს, რომ თურქეთს შეზღუდვები ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრენსონის დაკავების გამო უნდა დაუწესდეს. ამასთან, ვაშინგტონში უკმაყოფილოები არიან ანკარის გადაწყვეტილებით, რუსეთისგან შეისყიდოს С-400-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსები.