იაპონურმა კომპანიამ შექმნა დრონი, რომელსაც ცაში ელვის გამოწვევა შეუძლია — #1tvმეცნიერება
იაპონურმა კომპანიამ შექმნა დრონი, რომელსაც ცაში ელვის გამოწვევა შეუძლია — #1tvმეცნიერება

ტოკიოში ბაზირებული ტექნოლოგიური გიგანტი ირწმუნება, რომ შექმნა მსოფლიოში პირველი დრონი, რომელსაც ელვის გამოწვევა და მართვა შეუძლია.

ზევსის მფრინავი ეტლის მსგავსად, მფრინავი ღერომეხსარიდი ელექტროენერგიას ასხივებს ჭექა-ქუხილის ღრუბლების ქვეშიდან, რითაც შთანთქავს მათ საოცარ ენერგიას, თავად კი ამ დროს ოდნავ ზიანდება და მთელი ეს პერიოდი ჰაერში რჩება.

შედეგები ჯერ რეცენზირებული არ არის, მაგრამ თუ დრონს მართლაც შეუძლია ის, რასაც მისი შემქმნელი კომპანია Nippon Telegraph and Telephone (NTT) ამტკიცებს, ამ ტექნოლოგიამ შეიძლება მთელ მსოფლიოში დაიცვას ქალაქების ინფრასტრუქტურა ჭექა-ქუხილისგან დაზიანებისგან.

მსოფლიოში წუთში დაახლოებით 6000 მეხი ეცემა. ერთ მეხსაც კი შეუძლია გამოიწვიოს ტყის ხანძარი, გახეთქოს ბეტონი, გახეთქოს ხეები, გამოიწვიოს ელექტროენერგიის გათიშვა, დაადნოს ელექტროსადენები და ისე დააზიანოს ელექტრული აპარატურა თუ მოწყობილობები, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მეხამრიდების დაყენება შენობებს გარკვეულწილად იცავს, კომპანია NTT წლები მუშაობდა უკეთეს გამოსავალზე საკუთარი საკომუნიკაციო აღჭურვილობის დასაცავად.

მათი დრონი შეიძლება დიდად კარგად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ კომპანია აცხადებს, რომ ამ ზამთარს ის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ნამდვილი ჭექა-ქუხილის ქვეშ გამოსცადა.

2024 წლის 13 დეკემბერს, როცა იაპონიის შიმანეს პროვინციის მთიან ზონას შტორმი მიუახლოვდა, კომპანიის დრონი 300 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა, თან ჰქონდა მიბმული გამტარი სადენი.

ეს მავთული დრონს აკავშირებს მიწაზე განთავსებულ ჩამრთველთან და როცა ჩართულია, სადენში ელექტროენერგია გაედინება და დრონს ელექტრულად ამიწებს. შედეგად, ძლიერდება დრონის მიმდებარე ელექტრული ველი, რაც იწვევს და იზიდავს ელვას.

NTT group-ის განცხადებით, დრონი ელვას გადაურჩა და ფრენა განაგრძო, მაგრამ ნაწილობრივ დადნა მისი დამცავი საფარი.

ღერომეხსარიდის გარდა, მეცნიერებს ელვის გამოსაწვევად და მისაზიდად წარსულში სხვა რამეებიც აქვთ გამოყენებული.

ცოტა ხნის წინ, სხვა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის მეხის არიდება შესაძლებელია, თუკი ცაში ლაზერს მიაშუქებენ.

ასეთი ლაზერული სატყუარას იდეა ჯერ კიდევ 1974 წელს გაჩნდა და ლაბორატორიულ სამუშაოსა და რამდენიმე წარუმატებელ მცდელობას ათწლეულები დასჭირდა, ვიდრე მეთოდი რეალობაში იმუშავებდა.

თუმცა, ლაზერისგან განსხვავებით, დრონი, რომელიც ელვას იზიდავს, დაცული უნდა იყოს მის მიერ შთანთქმული ელექტრული საფრთხისგან. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, NTT group-მა მოწყობილობა ფარადეის გალიაში ჩასვა, რომელიც ელექტროენერგიას მოწყობილობის გარშემო წარმართავს და ამცირებს ელექტრომაგნიტურ ჩარევას.

ლაბორატორიულ ტესტებში, ამ გალიამ დრონი ძირითადად დაიცვა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მკვლევრებმა ბუნებრივ ელვაზე ხუთჯერ ძლიერი ხელოვნური ელვა დაარტყეს.

„NTT-ის მიზანია, მფრინავი დრონებით დაიცვას ქალაქები და ადამიანები მეხისგან. ისინი ისეა შექმნილი, რომ გაუძლოს ელვის პირდაპირ დარტყმებს, ზუსტად იწინასწარმეტყველოს ელვა, მისი ადგილი, აქტიურად გამოიწვიოს ელვა და უსაფრთხოს აირიდოს ისინი“, — წერს კომპანია.

ელვა და მეხი მსოფლიოში ყველაზე მეტად ტროპიკულ ქვეყნებშია, მაგრამ ახალი კვლევების თანახმად, ჰაერის დაბინძურება და კლიმატის ცვლილება მომდევნო წლებში ყველგან გაზრდის ელვების რაოდენობას.

ჭექა-ქუხილის შტორმებისგან ზიანის შესამცირებელი ახალი ტექნოლოგიები ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ NTT group კიდევ უფრო შორის მიდის და ამბობს, რომ ეძებს ელვის ენერგიის მოპოვების გზებსაც, რომელსაც დრონები მიწისკენ მომართავენ.

დიდებული იდეა ჩანს, მაგრამ ამ ეტაპზე ის მთლიანად თეორიულია. ჯერ არ არსებობს ბატარეები, რომლებიც ამხელა ენერგიას დაიჭერს და შემდეგ ნელ-ნელა გაუშვებს ჩვენს ენერგოსისტემებში. წარსულში, ელვისგან ენერგიის მოპოვების მთელ კონცეფციას ზოგიერთი მეცნიერი უიმედოს უწოდებდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.