იაპონური კომპანია „იამაჰა“ მუსიკოსებს აფრთხილებს, მუსიკალური ინსტრუმენტების ყუთში არ ჩასხდნენ
იაპონური კომპანია „იამაჰა“ მუსიკოსებს აფრთხილებს, მუსიკალური ინსტრუმენტების ყუთში არ ჩასხდნენ

იაპონური კომპანია „იამაჰა“ მუსიკოსებს აფრთხილებს, მუსიკალური ინსტრუმენტების ყუთში არ ჩასხდნენ.

კომპანიამ ეს გაფრთხილება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ნისანის“ ყოფილი ხელმძღვანელი კარლოს გონი იაპონიიდან ლიბანში გაქცევის დროს, ხმის გამაძლიერებლის ყუთში დაიმალა. ყუთი იმდენად დიდი იყო, რომ მისი სკანირება აეროპორტში სათანადოდ ვერ შეძლეს.

„ჩვენ მიზეზს არ დავასახელებთ, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები დიდი ინსტრუმენტების ყუთებში შეძვრომას ცდილობენ. ჩვენ ვურჩევთ ყველას, ასეთი რამ არ გააკეთონ“, – ნათქვამია „იამაჰას“ მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

კარლოს გონი, რომელიც იაპონიიდან ლიბანში გაიქცა, გადასახადების დამალვასა და „ნისანის“ თანხების უკანონო მითვისებაშია ბრალდებული. მან იაპონიიდან გაქცევა დეკემბრის ბოლოს მოახერხა. იაპონიის მთავრობამ გონსა და მის მეუღლეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.