იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინძო აბეზე თავდასხმის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ქვეყნის ყოფილ პრემიერ შინძო აბეზე თავდასხმის მომენტია ასახული.

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 41 წლის მამაკაცი დააკავა. დაკავებული ქალაქ ნარას მცხოვრები ტეძუია იამაგამია. ადგილობრივი პრესა წერს, რომ ის იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია.

შინძო აბე შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, უმიო კიშიდამ უმკაცრესად დაგმო ყოფილ პრემიერზე თავდასხმა. მისი ინფორმაციით, შინძო აბე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ის იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მსახურობდა. შინძო აბე 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა.