იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ხელისუფლებისგან კიმ ჩენ ინის ვიზიტის გამო განმარტებას მოელის
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ხელისუფლებისგან კიმ ჩენ ინის ვიზიტის გამო განმარტებას მოელის

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ხელისუფლებისგან კიმ ჩენ ინის ვიზიტის გამო განმარტებას მოელის.”ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს და ვისურვებდით ჩინეთისგან მიგვეღო უფრო საფუძვლიანი განმარტება” – ციტირებს კორეული გამოცემა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მეუღლესთან ერთად, პეკინში 25-27 მარტის პერიოდში იმყოფებოდა. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი გამგზავრების შემდეგ გავრცელდა.

პეკინში სი ძინპინმა და კიმ ჩენ ინმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილეს. კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ამისთვის სეულმა და ვაშინგტონმა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგან მშვიდობისკენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი  მზად არის სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან დიალოგისთვის. მისი თქმით,  მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მოაგვაროს სეულთან უთანხმოება და ურთიერთობა თანამშრომლობამდე განავითაროს.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩინეთი აფასებს იმ ძალისხმევას, რასაც ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების გაუმჯობესებისთვის აკეთებს. პეკინი ყველა მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩასატარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

სი ძინპინის თქმით, პეკინსა და ფხენიანს შორის მეგობრობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ერთადერთი სწორი არჩევანია, რომელიც ვერავითარმა გარე ფაქტორებმა ვერ უნდა შეცვალოს.