იაპონიის მთავრობამ უარყო ინფორმაცია ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების შესახებ
იაპონიის მთავრობამ უარყო ინფორმაცია ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების შესახებ

იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის ასისტენტმა მანაბუ საკაიმ პრესკონფერენციაზე უარყო ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოში ოლიმპიური თამაშების გაუქმების შესახებ.

პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ წყაროდ იაპონიის მთავრობა მოიშველია და დაწერა, რომ ქვეყნის ხელისუფლება იმ აზრამდე მივიდა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმება მოუწევს კორონავირუსის პანდემიის გამო. ამასთან, იაპონიის დედაქალაქს შეუნარჩუნდება ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2032 წელს – ეს არის უახლოესი თავისუფალი თარიღი. ცნობილია, რომ 2024 წელს ზაფხულის თამაშებს პარიზმა უნდა უმასპინძლოს, 2028 წელს – ლოს ანჯელესს.

„არავის სურს იყოს პირველი, ვინც ამას გამოაცხადებს, მაგრამ კონსენსუსი მიღწეულია”, – უთხრა „თაიმსს“ წყარომ იაპონიის მთავრობიდან.

სწორედ ამას მოჰყვა მანაბუ საკაის პასუხი:

„ჩვენი ქვეყნის მთავრობა ემზადება ოლიმპიური თამაშების ჩატარებისთვის 23 ივლისიდან, როგორც ეს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადგინა. მთავრობა სრული შემადგენლობით და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს აკეთებს თამაშების წარმატებით ჩასატარებლად.

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაცია მსოფლიოში და რაღაც მომენტში მიღებული იქნება გადაწყვეტილება – ჩატარდეს თუ არა ოლიმპიადა, მაგრამ ამ მომენტამდე იაპონიის მთავრობა აპირებს, სათანადოდ აწარმოოს მზადება თამაშების ჩასატარებლად“.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.