იაპონიის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დაწესებას ქვეყნის კიდევ რამდენიმე პრეფექტურაში გეგმავს
იაპონიის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დაწესებას ქვეყნის კიდევ რამდენიმე პრეფექტურაში გეგმავს

იაპონიის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დაწესებას ქვეყნის კიდევ რამდენიმე პრეფექტურაში გეგმავს. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ მმართველი პარტიის აღმასრულებელ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ტოკიოსა და აღმოსავლეთ იაპონიის სამ მეზობელ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა 7 თებერვლამდეა გამოცხადებული.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იოშიჰიდე სუგას თქმით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. მათ შორის არის ჰიოგოს, კიოტოსა და ოსაკას პრეფექტურები. ქვეყნის მთავრობა შეზღუდვების დაწესებას ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ორ პრეფექტურაში – გიფუსა და აიტიშიც განიხილავს.

ამ ხუთ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შეზღუდვა იაპონიის მოსახლეობის ნახევარს, დაახლოებით 63 მილიონ ადამიანს შეეხება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში ვირუსის 295 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. პანდემიამ ქვეყანაში სამ ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.