იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ პირველი არხის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილს იაპონიის კულტურისა და ტექნოლოგიების ამსახველი დოკუმენტური ფილმები გადასცა

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრა და საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს პირველ არხსა და იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთობის გაღრმავება იყო.

იაპონიის ელჩის განცხადებით, 30 წლის იუბილე დიდი დღესასწაულია ორივე ქვეყნისთვის.

„დღევანდელი ჩემი ვიზიტის მიზანია იაპონიის ფონდის მიერ შექმნილი სამაუწყებლო მასალების გადაცემა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომელიც მოიცავს იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებას, განსხვავებულ კულტურასა და მოწინავე ტექნოლოგიებს. წელს აღინიშნება 30 წლის იუბილე, რაც დიდი დღესასწაულია ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვეხმარებით ქართველ ერს. ასე რომ, საქართველოს წარმატება ჩვენი წარმატება იყო. ძალიან ვამაყობთ საქართველოს მიღწევებით 30 წლის განმავლობაში, თუ როგორ განვითარდა ის, ხელმძღვანელობდა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპებით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამას ვხედავთ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, გამოწვევები არ შეფასდეს. მაგალითად, უკრაინის კრიზისი, ნებაზე დაფუძნებული წესრიგის წინააღმდეგ არსებული გამოწვევები და სხვა სირთულეები, რომელთა წინაშე ორივე ქვეყანა დგას, მაგრამ ერთად, ჩვენი თანამშრომლობითა და კოორდინირებული მოქმედებით, დარწმუნებული ვარ, სირთულეებს დავძლევთ“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა.

საქართველოში იაპონიის ელჩმა პირველი არხის გენერალურ დირექტორს დოკუმენტური ფილმები გადასცა, რომლებიც იაპონიის კულტურულ ცხოვრებასა და ტექნოლოგიურ წინსვლას ასახავს. თინათინ ბერძენიშვილის თქმით, აღნიშნული ფილმები საქართველოს პირველი არხის ეთერში გავა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. უპირველესად, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა, მათ შორის, იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ამ დროისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო მასალა – დოკუმენტური ფილმები, რომლებიც პირველი არხის ეთერში გავა. ფილმები ასახავს იაპონიის კულტურულ ცხოვრებას, ტექნოლოგიურ წინსვლას, რაც საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ვისაუბრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს ორ ქვეყანას შორის საზოგადოებრივი მაუწყებლების კიდევ უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.