იაპონიის ელჩი - საქართველოსთან გაფორმებული ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმება იქნება გზავნილი იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება
იაპონიის ელჩი - საქართველოსთან გაფორმებული ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმება იქნება გზავნილი იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება

საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმება შექმნის მძლავრ ჩარჩოს არა მხოლოდ იაპონიასა და საქართველოში არსებული საინვესტიციო აქტივების დასაცავად, არამედ ბიზნესის უცხო ქვეყანაში ინვესტირების წახალისების კუთხითაც, – განაცხადა საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

„შეთანხმების ამოქმედება ძალიან კარგი გზავნილი იქნება იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება. ის უზრუნველყოფს ინვესტიციების დაცვას და საქართველოში ახალი ინვესტიციების ლიბერალიზაციას. ასე რომ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ იაპონია-საქართველოს თანამშრომლობა ამ სფეროში კიდევ უფრო განვითარდება,“ – განაცხადა ელჩმა.

შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.