იაპონიის ელჩი - მქონდა პატივი, თინათინ ბერძენიშვილის სტუმარი ვყოფილიყავი, გადავეცი იაპონური დოკუმენტური ფილმები, იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება
იაპონიის ელჩი - მქონდა პატივი, თინათინ ბერძენიშვილის სტუმარი ვყოფილიყავი, გადავეცი იაპონური დოკუმენტური ფილმები, იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება

მქონდა პატივი, თინათინ ბერძენიშვილის სტუმარი ვყოფილიყავი, გადავეცი იაპონური დოკუმენტური ფილმები, იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, – განაცხადა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იმამურა აკირამ პირველ არხთან ინტერვიუში.

საქართველოსა და იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ელჩი საქართველოს პირველ არხს სტუმრობდა და არხის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს გადასცა დოკუმენტური ფილმები იაპონიის კულტურულ ცხოვრებასა და ტექნოლოგიურ წინსვლაზე, რომლებიც პირველ არხზე გავიდა. ელჩს კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის შესახებ.

„დიახ, მქონდა პატივი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და პირადად, თინათინ ბერძენიშვილის სტუმარი ვყოფილიყავი. ჩვენ დემოკრატიის დიდი მხარდამჭერები ვართ, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების მიმართულებით. ვფიქრობ, თავისუფალი მედია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ იაპონიაშიც გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი „ენეიჩქეი“ და ქვეყნის მედიასივრცეში ის არის სიტყვის თავისუფლების ღერძი. შესაბამისად, ვფიქრობ, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. თინათინ ბერძენიშვილს გადავეცი იაპონური დოკუმენტური ფილმები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოხარული ვარ, რომ აქაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ფონზე, რაშიც ჩვენი დიდი მხარდაჭერა გაქვთ. იაპონია ევროკავშირისა და ნატო-ს მჭიდრო პარტნიორია და ახლა, როდესაც უკრაინაში ომია, პირველად ქვეყნის ისტორიაში, პრემიერ-მინისტრი მადრიდში, ნატო-ს სამიტზე იყო მიწვეული. მე ვახსენე კანონის უზენაესობაზე დამყარებული თავისუფალი, ღია წესრიგი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში ამ შემზარავი და ტრაგიკული ომის დროს. ვფიქრობ, საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის და საქართველოსთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დამყარების დიდი პოტენციალი არსებობს“, – განაცხადა იმამურა აკირამ.